ლატვია და უკრაინა უპილოტო სისტემების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და რუსეთთან საზღვრის სიახლოვეს დრონების ერთობლივი საწარმოო ობიექტის აშენებას გეგმავენ. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინასთან ივნისის დასაწყისში გაფორმებული შეთანხმება უპილოტო სისტემების ერთობლივ წარმოებას ითვალისწინებს. პრემიერის განმარტებით, საწარმოო ობიექტის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ის ლატვია-რუსეთის საზღვართან მაქსიმალურად ახლოს განთავსდეს.
კულბერგსის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზანი არა მხოლოდ თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაა, არამედ რეგიონის ეკონომიკური განვითარებაც, რადგან საზღვრისპირა ტერიტორიას სჭირდება ახალი ინვესტიციები, ეკონომიკური აქტივობა და სამუშაო ადგილები.
ლატვიის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი მიზანია, ლატვიამ წლის ბოლომდე დრონების წინააღმდეგ დაცვაში უკრაინის დონეს მიაღწიოს.
შეგახსენებთ, უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა, ივნისის დასაწყისში ტალინში მოაწერეს ხელი.