საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების ახალ ეტაპად აფასებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტი ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ქართულ-ყაზახურ ურთიერთობებს თვისებრივად ახალ დონეზე გადაიყვანს.
მისი თქმით, საქართველოსა და ყაზახეთს უკვე აქვთ მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები და მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, ხოლო გაფორმებული შეთანხმება ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
„ყაზახეთი ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური პარტნიორია. შუა აზიის რეგიონს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ხოლო ამ რეგიონში ყაზახეთს წამყვანი როლი აქვს. ეს არის ყველაზე დიდი ეკონომიკა რეგიონში, შესაბამისად, მასთან თანამშრომლობა საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დაკავშირებადობისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაა. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა პროექტებზე, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
პრემიერის შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება საფუძველს შექმნის საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებისთვის როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ და რეგიონული დაკავშირებადობის მიმართულებებით.