ევროკომისია უკრაინისთვის დრონების შესაძენად გათვალისწინებული პირველი ტრანშის ფარგლებში 3.9 მილიარდი ევროს გადარიცხვას იწყებს. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კომისიის განმარტებით, აღნიშნული თანხა დაახლოებით 6 მილიარდი ევროს მოცულობის პირველი ტრანშის ნაწილია და მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. უწყების შეფასებით, დრონები რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პირობებში უკრაინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო შესაძლებლობას წარმოადგენს.

ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ ეს გადახდა მოჰყვა 25 ივნისს უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილ 3.2 მილიარდ ევროს. მათივე ინფორმაციით, დრონებისთვის განკუთვნილი პირველი ტრანშის სრულად დაფარვამდე უახლოეს დღეებში დამატებითი გადარიცხვებიც განხორციელდება, უკრაინის მიერ წარდგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენი განცხადებით, უკრაინის ინოვაციური შესაძლებლობები გადამწყვეტ როლს ასრულებს რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო ევროკავშირის მხარდაჭერა მიზნად ისახავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებას.

ევროკომისიის ინფორმაციით, აღნიშნული დაფინანსება 90 მილიარდი ევროს მოცულობის მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომელიც 2026-2027 წლებში უკრაინისთვის 30 მილიარდი ევროს საბიუჯეტო დახმარებასა და 60 მილიარდი ევროს თავდაცვის მხარდაჭერას ითვალისწინებს. ამასთან, 2026 წელს თავდაცვის პაკეტიდან 28.3 მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების მიზნით გამოიყოფა.