შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, ბათუმში, ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიაზე, მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ. ასევე დგინდება, რომ შეგროვილ თანხას ბრალდებულები ისაკუთრებდნენ.
„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ტრეფიკინგის გეგმა შეიმუშავეს, რომელშიც საკუთარი არასრულწლოვანი შვილები ჩართეს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, ბათუმში, ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიაზე, მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ. ასევე დგინდება, რომ შეგროვილ თანხას ბრალდებულები ისაკუთრებდნენ.
სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს.
ამ ეტაპზე, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისცენტრებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ შესაბამისი საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების გატარებას“, – აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.