თორნიკე თოშხუამ, რომელსაც რუსთაველის გამზირზე ჯგუფური ძალადობას ედავებოდნენ, საპატიმრო დატოვა, მინდია შერვაშიძე კი რამდენიმე საათში იქნება თავისუფალი. აღნიშნულ ინფორმაციას ადვოკატი ომარ ფურცელაძე ავრცელებს.

როგორც ფურცელაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, მსჯავრდადებულებს სააპელაციო სასამართლომ საპატიმრო ვადა შეუმცირა.

მისივე განმარტებით, თოშხუა სასამართლო პროცესს ესწრებოდა და ის დარბაზიდანვე გათავისუფლდა, ხოლო შერვაშიძე საპატიმროს უახლოეს საათებში დატოვებს.

ცნობისთვის, ყოფილი ფეხბურთელისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტის, ბექა გოცირიძის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულები, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ დამნაშავედ 1-ელ აპრილს ცნო.

მოსამართლე ელენე გოგუაძის განაჩენის მიხედვით, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მათ პენიტენციური დაწესებულების დატოვება აგვისტოში უწევდათ.