საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრების დასრულების შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება.

შავკატ მირზიოევი საქართველოს ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით 2 ივლისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

მანამდე უზბეკეთის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა შავკატ მირზიოევს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის და საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ოქროს საწმისის ორდენი გადასცა. აღნიშნული ჯილდო გადაეცემათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით.