თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, მისი შეფასებით, ცნობილია, „ვინ არიან ეს ადამიანები და რას ემსახურებიან“.
„აღნიშნული პოლიტიკური პარტია, თუმცა პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები არიან. თუ რა მდგომარეობა ექნებათ მათ შიგნით, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, პირადად ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს, რადგან ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, რას ემსახურებიან და რა არის მათთვის მთავარი მამოძრავებელი.
ისინი საერთოდ აცდენილები არიან ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესებს, ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს გარედან“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვეტილებებს ერთი ადამიანი იღებს.
„ყველამ კარგად ვიცით, როგორ ხდებოდა თუნდაც დანიშვნები და გადარჩევა. ამას წყვეტს ერთი ადამიანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის კომენტარს თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.