ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელი ცერემონია თეირანის მოსალას სალოცავ დარბაზში მიმდინარეობს. ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სალოცავ დარბაზში ხამენეისთან ერთად მისი ოჯახის გარდაცვლილი წევრებიც მიასვენეს.

ცერემონიას უცხო ქვეყნების დელეგაციები ესწრებიან, მათ შორის ინდოეთიდან, პაკისტანიდან და ჩინეთიდან. ოფიციალური ინფორმაციით, დაკრძალვისა და გამოსამშვიდობებელი ღონისძიებები რამდენიმე დღეს გაგრძელდება და 9 ივლისს დასრულდება, როდესაც აიათოლა ალი ხამენეი ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.

ირანული მედიის ინფორმაციით, პროცესთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მობილიზაცია განხორციელდა. დედაქალაქში განთავსებულია 16 მობილური საცხობი, სადაც მგლოვიარეთა გამოსაკვებად დაახლოებით 50 მილიონი პურის გამოცხობაა დაგეგმილი.

ასევე მობილიზებულია 2 500 სასწრაფო დახმარების მანქანა, 21 ვერტმფრენი, 100 დრონი და ათასობით მაშველი. მზადყოფნაშია 20-ზე მეტი საავადმყოფო, 500 000 ლიტრი ინტრავენური სითხე და დაახლოებით 20 000 საკლასო ოთახი.

ხელისუფლების ინფორმაციით, ორგანიზებულია ეროვნული კამპანია, რომელიც მოქალაქეებს სთავაზობს, ნებაყოფლობით უმასპინძლონ თეირანში, მაშჰადსა და ყუმში ჩასულ მგლოვიარეებს. ასევე მზადდება მეჩეთები, სპორტული დარბაზები, პარკები და კულტურული ცენტრები მილიონობით ადამიანის მისაღებად.

ოფიციალური შეფასებით, ღონისძიებას 4-დან 15 მილიონამდე ადამიანი დაესწრება. ირანული მხარის ცნობით, პროცესის გაშუქებაში მონაწილეობს 14 000 ჟურნალისტი, მათ შორის 900 უცხოელი კორესპონდენტი.