პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.

ბრალდება წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმა. პროკურატურის ცნობით, მათ დაადგინეს დაზარალებულის ვინაობა, შეისწავლეს მისი სოციალური ქსელი და ფოტომასალა მისი ვიზუალური იდენტიფიცირების მიზნით.

უწყების ინფორმაციით, გიორგი მალანიას დახმარებით, რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო, ბრალდებულებმა მოიპოვეს ინფორმაცია დაზარალებულის სამუშაო და საცხოვრებელი მისამართების, მისი სამუშაო გრაფიკისა და გადაადგილების შესახებ, რის შემდეგაც თავდასხმის ადგილი შეარჩიეს და თვალთვალი დაიწყეს.

პროკურატურის თანახმად, 2025 წლის 29 სექტემბერს ბრალდებულები თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან ჩასაფრდნენ, თუმცა დაგეგმილი თავდასხმა ამ ეტაპზე ვერ განხორციელდა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

მომდევნო დღეს, 1 ოქტომბერს, ჯგუფურად განხორციელებული თავდასხმის შედეგად გიგა ავალიანს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიადგა. იგი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი უკვე მსჯავრდებულები არიან, ხოლო გამოძიება გრძელდება.