„ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადება შეაფასა.
მისი თქმით, ბოკუჩავას ქმედებები სინდისის ქენჯნასთან არ არის დაკავშირებული და ის, მისი შეფასებით, მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით მოქმედებს.
„თინა ბოკუჩავას არაფერი ქენჯნის, რაც სინდისთან არის დაკავშირებული, უბრალოდ, როცა დასჭირდა, ჭუჭყიანი ტანსაცმელი ამოალაგა და მზის სინათლეზე გამოფინა. ხვალ რომ დასჭირდეს, კიდევ უარესს იზამს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს არ ინდობენ და, როგორც აღნიშნა, „ქვეყანას და ქართველ ხალხს ისე გაწირავენ, თვალსაც არ დაახამხამებენ“.
შარმანაშვილის განცხადებით, თინა ბოკუჩავას განცხადება ადასტურებს, რომ ოპოზიციაში შესაძლებელია ინფორმაციის მანიპულირება და მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.
„ეს ადამიანები ერთმანეთთან დაპირისპირებისას საკუთარ თანაგუნდელებსაც არ ინდობენ. წარმოიდგინეთ, მოსახლეობის მიმართ რა დამოკიდებულება ექნებათ“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ორი წლის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ცვლილების ოფიციალურად დასახელებული მიზეზი რეალობას არ შეესაბამებოდა და პარტიაში მიმდინარე პროცესები ოპოზიციური გაერთიანების მცდელობას უკავშირდებოდა.