ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის საქმეზე დაცვის მხარე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას ეყრდნობა.
ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, ბიუროსთვის დასმული კითხვა ეხებოდა შემთხვევას, როდესაც კადრების მიხედვით ორი ბოთლი ბენზინი იყო საოფისე ავეჯზე დასხმული და ცეცხლის წაკიდების შემთხვევაში შესაძლო შედეგებსა და რეალური საფრთხის არსებობას.
მისი თქმით, ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, არსებული მასალებით მსგავსი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია.
„სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან პასუხი მივიღეთ ჩვენ მიერ დანიშნულ ექსპერტიზაზე… ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, საექსპერტო კვლევებით მსგავსი დასკვნის გაკეთება არის შეუძლებელი“, – განაცხადა ადვოკატმა.
ჩოფიკაშვილის თქმით, აღნიშნული დასკვნა ბრალდების მხარემ უდავოდ გახადა, რაც დაცვის პოზიციის მიხედვით, ამყარებს არგუმენტს, რომ ბრალდება ჰიპოთეზურ შეფასებებს ეფუძნება.
მისი შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი გარემოებები და მტკიცებულებები არ ქმნის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს და 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.