„ქართული ოცნების“ დეპუტატის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის შეფასებებს მნიშვნელობა არ აქვს და ის აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგს არ განსაზღვრავს.

მისი თქმით, უილსონი „არასერიოზული ადამიანია“, რომელიც, დეპუტატის შეფასებით, ლობიზმით არის დაკავებული.

„ჯო უილსონი არავის აინტერესებს, ის არ აყალიბებს აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგს. ის ძალიან არასერიოზული ადამიანია, რომელიც ფულს აკეთებს ლობიზმით“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ირანში დაგეგმილ ვიზიტზეც და აღნიშნა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

მისი თქმით, ირანი რეგიონულ ჭრილში საქართველოს მეზობელია და მსგავსი ღონისძიებები რეგიონული დიპლომატიის კონტექსტში ლოგიკურია.

„რაც შეეხება ირანს , ფართო რეგიონში ირანი ჩვენი მეზობელია. ბატონი ყაველაშვილი ჩადის იქ, ისევე როგორც სხვა მეგობარი ქვეყნების ლიდერები, მათ შორის სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენლები“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ამასთან, დეპუტატის განცხადებით, აშშ-თან ურთიერთობა საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება და ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობის გასაღრმავებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში. ამასთან დაკავშირებით ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა სოციალურ ქსელში კრიტიკული განცხადება გაავრცელა.