გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას მამა, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ მალანია აცხადებს, რომ მისი შვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს არ ეთანხმება და საქმეს უსამართლოდ მიიჩნევს.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, თავდაპირველი ბრალდება  შეუტყობინებლობა, მოგვიანებით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლზე, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას გულისხმობს.

„ჩემი შვილი დააკავეს შეუტყობინებლობის მუხლით, რომელიც ახლა 117-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა… მე არც პირველს და არც ამ მუხლს არ ვეთანხმები“, – განაცხადა მალანიამ.

მისი თქმით, ის სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს როგორც საქართველოში, ისე საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო დონეზეც.

მალანიას განცხადებით, მისი შვილი არ მონაწილეობდა რაიმე დანაშაულებრივ გეგმაში და კომუნიკაცია ერთ-ერთ ბრალდებულთან მხოლოდ არასრულწლოვანთა შორის პირად საკითხს უკავშირდებოდა.

„არანაირ თავდასხმაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი იყო პირად უთანხმოებაზე და შეხვედრის სურვილზე“, – აღნიშნა მან.

ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, მისი შვილი არასდროს ყოფილა ჩართული ძალადობრივ ჯგუფებში და ბრალდებები, რომლებიც საჯარო სივრცეში გაჟღერდა, მის მიმართ უსამართლოა.

„ეს არის რეზონანსული საქმე… არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ეს არის უსამართლობა, რაც ახლა ხდება“, – განაცხადა მალანიამ.