აბაშის მუნიციპალიტეტში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან ერთი გასროლა განახორციელა. შემთხვევა 3 ივლისს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

უწყების ცნობით, გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.