მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილის შვილის, გიორგი მალანიასთვის წარდგენილ ბრალის კვალიფიკაციის ცვლილებას მიესალმება.
მისი განცხადებით, პროკურატურამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და საქმეში არსებული მტკიცებულებები ბრალის დამძიმებას ამყარებს.
„საქმეში არსებულ უხვ, მყარ, პირდაპირ და ირიბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პროკურატურამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გიორგი მერაბის-ძე მალანიას დაუმძიმა ბრალი“, – წერს კუპატაძე.
ცნობისთვის, პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე გიორგი მალანიას ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას გულისხმობს და 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს.
დაცვის მხარის განცხადებით, მუხლის გადაკვალიფიცირება მოულოდნელი იყო. ადვოკატის თქმით, გიორგი მალანია თავდაპირველად მხოლოდ შეუტყობინებლობის ბრალდებით იყო დაკავებული და მის მიმართ წარდგენილი ახალი ბრალდება ფაქტობრივ საფუძველს არ შეესაბამება.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.