საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ირანს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს.

მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

„შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას“, – ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთპატივისცემაზე, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას.

საქართველოს პრეზიდენტმა ირანის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი ასევე დაესწრება აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას, რომელშიც, ოფიციალური ინფორმაციით, მონაწილეობას იღებენ რეგიონისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები.