საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა მოაწერეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოსა და უზბეკეთის შესაბამის უწყებებს შორის ასევე გაფორმდა მემორანდუმები ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საფინანსო, საბაჟო, განათლების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.