რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, გაერთიანებული ძალების ერთ-ერთ დამხმარე პუნქტში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინფრასტრუქტურაზე მასობრივი დარტყმები უნდა გაგრძელდეს.

„აღვნიშნავ, რომ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინფრასტრუქტურასა და იმ ობიექტებზე, რომლებიც მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ, მასობრივი დარტყმების განხორციელება უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში კონსტანტინოვკა „აიღეს“.

„კონსტანტინოვკას გათავისუფლებას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს ქალაქი, როგორც ყველამ ვიცით, დონბასის მთავარი სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრია“, – აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთის სამხედროები ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ინიციატივას ინარჩუნებენ.

„რაც უფრო მეტ დარტყმას განახორციელებს კიევის რეჟიმი რუსეთის სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ, ჩვენ უსაფრთხოების ზონის უფრო მეტად გაფართოება მოგვიწევს“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, პუტინმა ევროპელი „მშვიდობისმყოფელების“ შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი მიზანი „რუსეთთან ომის გაგრძელებაა“.

„მათი რეალური მიზანი არა მშვიდობა, არამედ უკანასკნელ უკრაინელამდე რუსეთთან ომის გაგრძელებაა. თავიანთი განცხადებებითა და მოქმედებებით ისინი ადასტურებენ მოსკოვის ვარაუდებს მათი ნამდვილი განზრახვის შესახებ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.