უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბარი პოზიტიური იყო და, მისი შეფასებით, უკრაინაში ომის დასრულების რეალური პერსპექტივა არსებობს.

ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საუბრის დასაწყისში ტრამპსა და ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და შეერთებულ შტატებს უკრაინისადმი გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა. მადლობელი ვართ შეერთებული შტატების მთელი დახმარებისთვის, რომელიც მივიღეთ – Javelin-ებით დაწყებული, Patriot-ებითა და პოლიტიკური მხარდაჭერით დასრულებული. ძალიან ვაფასებთ, რომ ამერიკა ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვაში გვერდში გვიდგას“, – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, საუბრისას ლიდერებმა ფრონტზე არსებული ვითარება და უკრაინის დიპლომატიური ძალისხმევა განიხილეს.

„ამ ომის დასრულების რეალური პერსპექტივა არსებობს და ამისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შესაბამის განზრახვას. შევთანხმდით, რომ ამ საკითხებზე მოლაპარაკებებს ანკარაში ნატოს სამიტის ფარგლებში გავაგრძელებთ“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებსა და პრეზიდენტ ტრამპს მხარდაჭერისთვის და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.