უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 46 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ან განადგურდა სულ მცირე 15 საცხოვრებელი შენობა.

ყველაზე ძლიერი დარტყმები კიევის დარნიცკისა და პოდოლსკის რაიონებზე განხორციელდა, ხოლო დაზიანება ჰოლოსიევსკისა და ობოლონის რაიონებშიც დაფიქსირდა.

პოდოლსკის რაიონში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5-დან მე-9 სართულამდე ბინები ჩამოინგრა. ამავე რაიონში მაშველები ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს აგრძელებენ და გადარჩენილებს ეძებენ.

დარნიცკის რაიონში თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეორე-მეხუთე სართულებზე მდებარე ბინები გაანადგურა. გარდა ამისა, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა კიდევ ერთ, 30-სართულიან საცხოვრებელ შენობაში, სადაც რამდენიმე ბინა დაიწვა.