ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ტყის მასშტაბური ხანძრები გრძელდება. სტიქიამ უკვე ათასობით ჰექტარი მცენარეული საფარი გაანადგურა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გასულ დღეს ასობით მეხანძრე ხანძრის კერების ლოკალიზებას საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში ცდილობდა.
საფრანგეთში, აღმოსავლეთ პირენეის დეპარტამენტში, ქალაქ პერპინიანის მახლობლად გაჩენილ ხანძარს დაახლოებით 700 მეხანძრე, 200 ერთეული ტექნიკა და ათამდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი ებრძვის. ხანძრის შედეგად მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი – მეხანძრე და ადგილობრივი მცხოვრები. ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით დეპარტამენტში 5 000 ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა.
გარდა ამისა, ხანძრის მაღალი რისკი საფრანგეთის 41 დეპარტამენტში ნარჩუნდება, მათგან შვიდში კი განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.
საბერძნეთში ხანძარი თესალონიკის მახლობლად, ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში გაჩნდა. სქელი შავი კვამლი ქალაქის ცენტრამდეც გავრცელდა. ხელისუფლებამ მოსახლეობას ტოქსიკური აირების გავრცელების საფრთხის გამო ფანჯრების დახურვისა და სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. ამასთან, ქალაქ ორეოკასტროს ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლის განზრახ გაჩენის ბრალდებით 76 წლის მამაკაცია დაკავებული.
მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს ასევე ათენის დასავლეთით, სადაც ცეცხლს 210 მეხანძრე და მოხალისე სპეციალიზებული ავიატექნიკის მხარდაჭერით ებრძვის.
ესპანეთში ტყის ხანძარი ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია ჟირონაშიც გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლმა თითქმის 2 200 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.
პორტუგალიაში კი ხანძრის კერები ვოსელას მუნიციპალიტეტში რჩება აქტიური. 2 ივლისს გაჩენილმა ხანძარმა უკვე 12 000 ჰექტარი ფართობი მოიცვა. 3 ივლისს ესპანეთმა მეზობელ ქვეყანას დახმარების მიზნით 120 მეხანძრე და 45 ერთეული სპეციალური ტექნიკა გაუგზავნა. პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა ცალკეული კერები კვლავ აქტიურია.
მედიის ცნობით, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ხანძრები უკიდურესი სიცხისა და მაღალი ტემპერატურის ფონზე გაჩნდა.