დღეს და ხვალ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო) 36-ე სამიტი გაიმართება, რომელშიც 32 წევრი ქვეყნის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. სამიტს დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.
დღეს დაგეგმილ სამუშაო ვახშამს ნატო-ს ლიდერებთან ერთად შეუერთდებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მედიის ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრებს გამართავენ ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე დაგეგმილია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან შეხვედრა.
ამასთან, ნატო-ს თავდაცვის მინისტრები მოლაპარაკებებს ავსტრალიის, იაპონიის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებთან გამართავენ.
ნატო-ს ოფიციალური ინფორმაციით, ანკარის სამიტის დღის წესრიგში სამი ძირითადი საკითხია: თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდა, თავდაცვითი წარმოების გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება.
ალიანსის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოება ნატო-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ნატო აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მოკავშირეები გააგრძელებენ ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, რათა გაძლიერდეს მისი თავდაცვისუნარიანობა. ორგანიზაციის შეფასებით, ანკარის სამიტი ხელს შეუწყობს უკრაინისთვის მხარდაჭერის კიდევ უფრო გაღრმავებას, გადაუდებელი თავდაცვითი საჭიროებების დაკმაყოფილებასა და მოკავშირეთა სამხედრო დახმარების გრძელვადიან უზრუნველყოფას.