აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა. ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი, სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ „დაშინება და დაპირებების დარღვევა შედეგების გარეშე არ ხდება“ და აშშ-ს გაფრთხილება გაუგზავნა.

„თუ დაგვარტყამთ, დარტყმას მიიღებთ. უაზროდ ნუ ფართხალებთ, თორემ კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირებით. ჰორმუზის სრუტე მხოლოდ „ირანის პირობებით“ გაიხსნება და არა ამერიკის მუქარით,“ – დაწერა ღალიბაფმა.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტე მხოლოდ ირანის პირობებით გაიხსნება, რაც რეგიონში მიმდინარე დაძაბულობის ფონზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია.

ამერიკული დარტყმები ირანის წინააღმდეგ

დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-ის ცენტრალური სარდლობა-მ (CENTCOM) განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი რაუნდი დაასრულეს.

CENTCOM-ის ცნობით, დარტყმები დაახლოებით 90 ირანულ სამხედრო სამიზნეს შეეხო. მათ შორის დასახელდა საჰაერო თავდაცვის სისტემები, სანაპირო სათვალთვალო აქტივები, რაკეტებისა და დრონების საწყობები, საზღვაო შესაძლებლობები და სამხედრო ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა.

„დარტყმების მიზანი იყო ირანის შესაძლებლობების კიდევ უფრო შემცირება, რათა მან ვერ შეძლოს ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებსა და მშვიდობიან მეზღვაურებზე თავდასხმა,“ – ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.

სირენები ბაჰრეინსა და ქუვეითში

მედიის ცნობით, ბაჰრეინსა და ქუვეითში თავდასხმის საფრთხის მაუწყებელი სირენებისა და აფეთქებების ხმები ისმოდა.

ქუვეითის არმიამ განაცხადა, რომ მისი საჰაერო თავდაცვა „მტრული რაკეტებისა და დრონების საფრთხეებზე“ რეაგირებდა. ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მოქალაქეებს მოუწოდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ და უახლოეს უსაფრთხო ადგილას გადასულიყვნენ.

ირანის საპასუხო განცხადება

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებული იერიშების საპასუხოდ ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მიიტანა დარტყმები.

მათივე ინფორმაციით, რაკეტებისა და დრონების გამოყენებით იერიშები განხორციელდა ქუვეითში მდებარე არიფჯანისა და ალი ალ-სალემის, ასევე ბაჰრეინში მდებარე ჯუფაირისა და შეიხ ისას ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.

„თუ აშშ ირანის წინააღმდეგ იერიშებს კვლავ განახორციელებს, საპასუხო თავდასხმები რეგიონის სხვა ამერიკულ სამხედრო ბაზებზეც გავრცელდება,“ – აცხადებენ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში.

აშშ-ის ადმინისტრაციის მზადება

Axios -ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტის გარშემო შესაძლო ხანგრძლივი კრიზისისთვის ემზადება.

ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებით, მიმდინარე ესკალაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ირანის შემდგომ ნაბიჯებზე, განსაკუთრებით იმაზე, გააგრძელებს თუ არა იგი ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმებს.

„ეს შეიძლება ერთი ან ორი დღე გაგრძელდეს, მაგრამ შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვეც გაგრძელდეს. ყველაფერი დამოკიდებულია ირანის ქმედებებზე,“ – აღნიშნა ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ტრამპის განცხადებები

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ირანს შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს.

„მათ ცოტა ხნის წინ დარეკეს და ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა,“ – განაცხადა ტრამპმა.

თუმცა, მისივე თქმით, უცნობია, რამდენად შეასრულებს ირანი შესაძლო შეთანხმების პირობებს.

„არ ვიცი, შეთანხმების პირობებს პატივს სცემენ თუ არა. პრობლემაც სწორედ ეს არის,“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმები ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმების საპასუხო ქმედება იყო.

„როდესაც ისინი თავს გვესხმიან, ჩვენ უფრო ძლიერ პასუხს ვუბრუნებთ,“ – თქვა ტრამპმა.