პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ, ანკარაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა ისტორიულ საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ნავროცკის თქმით, მისთვის „უპა“-სთან დაკავშირებული საკითხები განხილვას არ ექვემდებარება.
„ჩემთვის „უპა“-სთან დაკავშირებული საკითხები განხილვას არ ექვემდებარება. ისტორიული საკითხების მოგვარება ვერ შევძელით, თუმცა არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ ყველა საკითხის მოგვარებას შევძლებდით“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მისი შეფასებით, მიუხედავად ისტორიული უთანხმოებებისა, პოლონეთმა და უკრაინამ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ გამოწვევებზე, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას უკავშირდება.
„ისტორიული უთანხმოებების მიუხედავად, პოლონეთმა და უკრაინამ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმაზე, რაც რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით ხდება“, – აღნიშნა ნავროცკიმ.
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო და მხარეებმა პოლონეთ-უკრაინის თანამშრომლობის მომავალ მიმართულებებზე იმსჯელეს.
„კარგია, რომ შეხვედრა შედგა. უკრაინის პრეზიდენტთან ერთად განვიხილეთ, თუ როგორი უნდა იყოს პოლონეთსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა“, – თქვა ნავროცკიმ.