აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი მისი მკვლელობის მცდელობას განახორციელებს, ამერიკის შეერთებული შტატები თეირანს მასშტაბური სამხედრო პასუხით უპასუხებს.
„1000 რაკეტა მზადყოფნაშია მოყვანილი და მიმართულია ირანის ისლამური რესპუბლიკისკენ, რომელსაც დამატებით ათასობით რაკეტა დაუყოვნებლივ მოჰყვება, თუ ირანი თავისი მუქარის შესრულების მიზნით იმოქმედებს, რომ მოკლას ან შეეცადოს მოკლას აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში მე“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
მისი თქმით, შესაბამისი ბრძანებები უკვე გაცემულია.
„აშშ-ის სამხედრო ძალები მზად არიან და შეუძლიათ ერთ წელიწადში, ვადის გაგრძელების შესაძლებლობით, ირანის ყველა რეგიონი სრულად გაანადგურონ. დიდება ალაჰს!“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა გამოცემა The New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის მხრიდან მისი მკვლელობის გეგმის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში დაბომბვის შესახებ ინსტრუქცია დატოვა.
„მე უკვე დიდი ხანია მათ სიაში ვარ. მე ინსტრუქციები დავტოვე: თუ რამე მომივა, პირდაპირ დაბომბეთ ისინი ისეთ დონემდე, როგორიც ჯერ არასდროს უნახავთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე უარყო ინფორმაცია, რომ ისრაელმა აშშ-ს გაუზიარა სადაზვერვო ინფორმაცია ირანის გეგმის შესახებ, რომელიც მისი მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებდა.
„არა, არა. ისრაელს არაფერი აღმოუჩენია. მე უკვე დიდი ხანია მათ სიაში პირველი ვარ. ცხოვრება ასეთია. იმედია, მოგენატრებით“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის განცხადებებზე ირანის ოფიციალურ პასუხი ამ დროისთვის ცნობილი არ არის.