საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აცხადებს, რომ საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს: ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას „სამართლიანი მიზნებით“ ამართლებს, ხვალ იმავე ფორმულით ადამიანის მკვლელობის გამართლებასაც შეეცდება.
პაპუაშვილის თქმით, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც „ტერორისტული აზროვნება“ ახასიათებს და რომელიც სიტყვით საბჭოთა წარსულს ებრძვის, თუმცა საქმით ბოლშევიკური ტერორის მთავარ მორალურ ფორმულას „მიზანი ამართლებს საშუალებას“ იზიარებს.
„ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა ტერორისტული აქტის არსის იმაზე ზუსტად წარმოჩენა, ვიდრე ეს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა თავად შეძლეს“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
მისივე განცხადებით, ტერორისტები ხშირად ცდილობენ, საკუთარ ქმედებებს პოლიტიკური, იდეოლოგიური ან მორალური მოტივები მოუძებნონ და მათ „კეთილშობილური მიზნებით“ გაამართლონ.
„დანაშაულს მისი ჩამდენის მიერ გაცხადებული მიზანი ვერ გაამართლებს. პირიქით, ძალადობრივი ქმედების პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მოტივით გამართლება ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სივრცეში ძალადობის სხვადასხვა ფორმის გამართლების მცდელობები თანმიმდევრულად ვითარდებოდა.
„ჯერ გაამართლეს სიტყვიერი ძალადობა, შემდეგ ფიზიკური ძალადობა, მერე პარლამენტის გადაწვა და პრეზიდენტის სასახლის შტურმი, ახლა კი უკვე ტერორიზმს უძებნიან პოლიტიკურ და მორალურ გამართლებას“, – აცხადებს იგი.
პაპუაშვილის შეფასებით, ძალადობის თითოეული შემდგომი ფორმის გამართლება მორალური დასაშვებობის ზღვარს ასუსტებს და საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველია.
„ზოგი ნებით და ზოგი უნებლიეთ, ზოგი ცნობიერად და ზოგიც გაუცნობიერებლად, მთელი ეს კოჰორტა ჩამოყალიბდა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ მტრულ მეხუთე კოლონად, რომელსაც რადიკალიზმისთვის, ექსტრემიზმისთვის და ახლა უკვე ტერორიზმისთვისაც გარედან ანთებული მწვანე შუქი ეგულება“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.