თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებების მიერ ჩატარებულმა ღონისძიებებმა სახელმწიფო გადატრიალების დანაშაული აღკვეთა.
კალაძე ამ განცხადებით გამოეხმაურა აღნიშნულ საქმეზე მორიგი ბრალდებულის დაკავების ფაქტს.
„შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ვიხილეთ რიგი პროცესები როგორ იგეგმებოდა, რამდენიმე თვე კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, ამბობდნენ, რომ რევოლუციისთვის ემზადებოდნენ. 4 ოქტომბერს მისი აღსრულება დაიწყეს. შესაბამისმა უწყებებმა გაატარეს პრევენციული ღონისძიებები. ვიხილეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრის კადრები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა აღკვეთეს აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაული. ყველამ უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, გარე ძალების დავალებაა მოქმედი ხელისუფლების გადაყენება და ქვეყნის ინტერესების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება.
„წარმოუდგენელია, გარე ძალების ჩართულობით მუდმივად იყოს მცდელობა გადატრიალების, პოლარიზაციის გაღრმავების და ა.შ. ეს არის გარედან თავსმოხვეული პროცესი, რომლისთვისაც დიდი თანხები იხარჯებოდა. დღესაც არ ისვენებენ და ცდილობენ არსებული ხელისუფლება თავიანთი აგენტურით შეცვალონ. ვიცით, რისთვის სჭირდებათ ეს — რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები სათავისოდ გამოიყენონ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
4 ოქტომბრის საქმეზე გამოძიება გრძელდება.