საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოთხოვნა ე.წ. „FARA-ს“ საქმეში მესამე მხარედ ჩართვის შესახებ.

საია-ს ცნობით, კომისარმა სტრასბურგის სასამართლოს 2026 წლის 3 ივლისს მიმართა, ხოლო სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა და ინფორმაცია ორგანიზაციას აცნობა.

საია განმარტავს, რომ საქმის წარმოება ევროპულ სასამართლოში 2025 წელს დაიწყო 6 მომჩივნის სახელით, მათ შორის სამი ორგანიზაციისა და მათი ხელმძღვანელი ფიზიკური პირების სახელით.

მომჩივნები დავობენ იმაზე, თუ როგორ ზღუდავს უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი („ქართული FARA“) სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას.

„საჩივარში საია აღნიშნავს, რომ რეალურად ეს კანონი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას, მათ შორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საია ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მანამდეც ჩაერთო სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე საქმეში, რომელიც ე.წ. „რუსულ კანონს“ ეხება. ამ საქმის ფარგლებში წარდგენილ დოკუმენტში კომისარმა ყურადღება გაამახვილა როგორც „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, ასევე „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ (FARA).

კომისრის შეფასებით, ორივე კანონი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ როგორც „უცხო ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაციები“ ან „უცხოური პრინციპალის აგენტები“, რაც ზღუდავს მათ შესაძლებლობას, ისარგებლონ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებით.

საია-ს ინფორმაციით, კომისარმა 2026 წლის 2 თებერვალს ასევე დაგმო გრანტების შესახებ კანონში და სხვა აქტებში ინიციირებული ცვლილებები და აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებები სამოქალაქო სექტორის საქმიანობას ზღუდავს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კომისარს პოზიციის წარსადგენად ვადა 2026 წლის 31 აგვისტომდე განუსაზღვრა.

საია აცხადებს, რომ აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველ კანონებთან დაკავშირებულ სტრატეგიულ სამართალწარმოებას და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას.