შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებული დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ე.წ. ლაბორატორიაში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორების გამოყენებით ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით, კილონახევრამდე წონის ნარკოტიკული საშუალებები „მეფედრონი“ და „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.