ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, ბათუმში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირი ფართოვდება და ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, გაწევრიანების გზაზე წინ მიიწევენ, თუმცა საქართველო ამ ეტაპზე მათ შორის არ არის.

„მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება. მეტიც, ევროკავშირი ფართოვდება. ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ და წინ მიდიან. დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ეს დროებითია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ელჩის თქმით, ევროკავშირი უკვე 30 წელზე მეტია საქართველოს მტკიცე და საიმედო პარტნიორია. მისივე განცხადებით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლა დემოკრატიულ განვითარებასა და საერთო წესების დაცვაზეა დაფუძნებული.

„ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია. ამავდროულად, უცვლელია ჩვენი წესებიც. ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

მან ბათუმს „შავი ზღვის მარგალიტი“ უწოდა და ხაზი გაუსვა ქალაქის ღიაობასა და მრავალფეროვნებას.

„ევროპის ძალაც არის მრავალფეროვნება და საერთო წესებზე თანხმობა. სწორედ საერთო წესების დაცვას მოაქვს ევროკავშირის წევრებისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება უკვე თითქმის 80 წელია“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

სიტყვის დასასრულს პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ევროპის დღე საერთო მიღწევების შეხსენებაა და საქართველოს მომავალ წარმატებას უსურვა.

„ეს დღე გვახსენებს, რა გზა გავიარეთ აქამდე და რამდენს მივაღწიეთ ერთად. წინ საქართველო, წინ!“ – განაცხადა ელჩმა.