ტაიფუნ „ბავის“ მოახლოების გამო ჩინეთის ხელისუფლებამ 600 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტაიფუნი ქალაქ ვენჭოუს უახლოვდება, სადაც დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პრევენციულ ზომებს ატარებს.
ტაიფუნმა მანამდე იაპონიის სამხრეთით მდებარე საკიშიმას კუნძულებსა და ტაივანს დაატყდა თავს. ტაივანის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 87 ადამიანი დაშავდა.
ძლიერმა ქარმა და ინტენსიურმა ნალექმა ტაივანის მთავარ საერთაშორისო აეროპორტშიც მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, გაუქმდა 920 საერთაშორისო რეისი.
მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, ტაიფუნი ჩინეთის სანაპირო რეგიონებში ძლიერი ქარითა და უხვი ნალექით გადაადგილდება, რის გამოც ხელისუფლება მოსახლეობას უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.