საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი სასამართლო სისტემის საქმეა.
„რაც შეეხება შეკითხვას განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით, ეს სასამართლო სისტემის საქმეა და არა ჩემი, რომ კომენტარი გავაკეთო“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ფუნდამენტურ პრინციპებზეა დაფუძნებული და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
„რაზეც შემიძლია კომენტარი გავაკეთო, არის ის, რომ ევროკავშირი პრინციპებზე დგას. ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპებია: შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება. ეს ფუნდამენტური პრინციპებია, რომლებიც ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, აღნიშნული თავისუფლებების დაცვა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების ნაწილია და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისათვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს.