თელავში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოპერატიული შტაბი შეიქმნა. შტაბის შემადგენლობაში შედიან როგორც საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შტაბის წევრებმა პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართეს. მათი განცხადებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ როგორც მიმდინარე სალიკვიდაციო ღონისძიებების კოორდინაციაზე, ასევე სამომავლო პრევენციულ გეგმაზე, რომელიც მსგავსი რისკების შემცირებას ისახავს მიზნად.

ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, სტიქია საკმაოდ მასშტაბურია და ძირითადად დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესასწავლია გარკვეული ქუჩების მდგომარეობა, რის გამოც აღნიშნულ უბნებზე მოძრაობა დროებით აკრძალულია.

ამ ეტაპზე თელავში წვიმა შეწყდა და წყლის დონემ იკლო, თუმცა მოსახლეობის ნაწილი კვლავ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.

ცნობისთვის, თელავში უხვი ნალექის შედეგად თელავის ხევი ადიდდა, რის გამოც დატბორილია კავკასიონისა და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. ძლიერმა წვიმამ ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქალაქის ქუჩებში მიედინებოდა.

დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. ასევე დაზიანებულია ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სტიქიით მიყენებული ზიანი საკმაოდ მასშტაბურია და ძირითადად დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის პირველადი გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

„სტიქიით მიყენებული ზიანი საკმაოდ მასშტაბურია. რაც მთავარია, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს შეზღუდვით მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, რომელიც დღის განმავლობაში, პერიოდულად, აღდგება. ძირითადად, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის პირველადი გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო“, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

მისივე თქმით, ადგილზე სრულად შეფასდება სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი, რის შემდეგაც დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. კალმახელიძის განცხადებით, სტიქიის შედეგების დროულად აღმოსაფხვრელად მობილიზებულია შესაბამისი სამინისტროები და უწყებები.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა სტიქიას უპრეცედენტო მასშტაბის უწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად სერიოზული ინფრასტრუქტურული ზიანისა, ადამიანური მსხვერპლი არ არის.

„სტიქია მართლაც უპრეცედენტო მასშტაბისაა. მთავარია, რომ ადამიანური მსხვერპლი არ არის. სერიოზულად დაზიანებულია საქალაქო ინფრასტრუქტურა. უკვე შექმნილია ოპერატიული შტაბი და ყველა შესაბამისი სამსახური ოპერატიულად მუშაობს სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად“,  განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ქალაქი უკვე სექტორებად არის დაყოფილი და განსაზღვრულია, სად რა ტექნიკის მობილიზებაა საჭირო. ნაწილი ტექნიკისა უკვე მუშაობს ადგილზე, ხოლო დამატებითი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს.

ქადაგიშვილის განცხადებით, შესასწავლია მთელი რიგი ქუჩების მდგომარეობა, რადგან წყლის ნაკადმა გარკვეული მონაკვეთები გამორეცხა. უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული ქუჩები დროებით გადაკეტილია.

ამ დროისთვის თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პირველადი გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, ხოლო ზარალის სრული შეფასების შემდეგ შესაბამისი აღდგენითი ღონისძიებები დაიგეგმება.