ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს გმობს და ვაშინგტონს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს, – ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან მხოლოდ 25 დღის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ღიად დაარღვია ამ შეთანხმების თითქმის ყველა ნაწილი“.

„ირანის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, სათევზაო გემებზე, სატვირთო ბარჟებზე, მეტეოროლოგიურ ობიექტებსა და შენობებზე თავდასხმით, აშშ-მა ჩაიდინა ომის დანაშაულის ყველაზე მძიმე ქმედებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, აშშ-ის სამხედროებმა ირანზე თავდასხმების განხორციელებისთვის სპარსეთის ყურის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქვეყნების ტერიტორიები გამოიყენეს. სამინისტროს განცხადებით, ირანზე თავდასხმების ნებისმიერი წყარო ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ ჩაითვლება.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე გაეროსა და ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, ანგარიშვალდებულება დააკისრონ „აგრესორ მხარეებს, ასევე მათ, ვინც მათ დაეხმარა და ხელი შეუწყო“.