საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი იწყება.
როგორც პრემიერმა პროექტის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აეროპორტის გაფართოება საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის მნიშვნელოვანი შედეგია.
მისი თქმით, სახელმწიფოსა და კომპანია „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ინვესტორი პროექტში 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტს განახორციელებს, რის შედეგადაც ქვეყნის მთავარი საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, დაკავშირებადობის, ტურისტული და საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით საკვანძო როლი ეკისრება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის განცხადებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოს პოზიციის გაძლიერებას რეგიონულ და გლობალურ სატრანსპორტო სისტემაში.
ირაკლი კობახიძის თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.
„ჩვენთვის პრიორიტეტია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ მგზავრებისთვის თანამედროვე, კომფორტული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.