აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის ურთიერთობები „თითქმის ჩამოიშალა“.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ალიევმა შუშის მე-4 გლობალური მედია ფორუმის გახსნაზე განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ბაქოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE) შორის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ 2023 წლის სექტემბრამდე აზერბაიჯანი PACE-ში სანქციების წინაშე არასდროს დამდგარა.
ალიევის განცხადებით, ასამბლეამ ქვეყნის „დასჯა“ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აზერბაიჯანმა, მისი თქმით, „თავდაცვის ლეგიტიმური უფლება გამოიყენა და საკუთარი ტერიტორია დარჩენილი სეპარატისტებისგან გაათავისუფლა“.
მისივე თქმით, 2024 წლის იანვარში PACE-მ აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი დააყენა და დელეგაციას ხმის უფლება შეუჩერა.
„ეს ნაბიჯი ადამიანის უფლებებს დაუკავშირეს, თუმცა რეალური მიზანი აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღდგენის გამო დასჯა იყო“, – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ხმის უფლების არქონის პირობებში PACE-ში მონაწილეობას აზრი აღარ აქვს და სწორედ ამიტომ, ბაქომ აღარ მიიღო მონაწილეობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების არჩევნებშიც.
„თუ ხმის მიცემის უფლება არ გვაქვს, რა აზრი აქვს იქ ყოფნას? სწორედ ამიტომ, აზერბაიჯანი არ აღიარებს ამ სასამართლოს გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლებაში განიხილებოდა არა მხოლოდ PACE-ში საქმიანობის შეჩერება, არამედ ევროპის საბჭოდან გამოსვლაც. თუმცა, ალიევის განცხადებით, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ მას სთხოვა, გადაწყვეტილება დროებით გადაედოთ და ვითარების გამოსასწორებლად დრო მიეცათ.
ალიევის განცხადებით, ამის შემდეგ პროგრესი არ ყოფილა და PACE-მ აზერბაიჯანს „მიუღებელი, ულტიმატუმის მსგავსი მოთხოვნები“ წაუყენა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბაქოს ურთიერთობების გაუარესება არ დაუწყია და პირველი ნაბიჯი სწორედ ასამბლეამ უნდა გადადგას — დელეგაციისთვის ხმის უფლების აღდგენით.
„აზერბაიჯანი დაპირისპირებას არ ეძებს და ნორმალური ურთიერთობები ურჩევნია, თუმცა PACE და ევროპარლამენტი რეგულარულად ახორციელებენ უსაფუძვლო თავდასხმებს ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ 13 რეზოლუცია მიიღო, თუმცა მათ ბაქოსთვის მნიშვნელობა არ აქვს.
„აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს ნებაყოფლობით 2001 წელს შეუერთდა გარკვეული იმედებით, რომ ეს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასა და სუვერენიტეტის აღდგენაში დაგვეხმარებოდა. ჩვენ გვსურს ურთიერთობების ნორმალიზება, თუმცა პირველი ნაბიჯი მათ უნდა გადადგან“, – დასძინა ილჰამ ალიევმა.