შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების პროექტის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს საავიაციო სექტორი სწრაფი ტემპით ვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყების ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო წლებში რეკორდულად გაიზარდა მგზავრთნაკადი, გაფართოვდა საერთაშორისო მიმართულებები და ქართულ ბაზარზე ოპერირება არაერთმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო.
„წელს მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებმა გასულ წელს ჯამურად 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, 2025 წელი რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადის ზრდის, ასევე ტურიზმის სექტორის განვითარების მიმართულებით.
„გვქონდა რეკორდული შემოსავლები ტურიზმის სექტორში, რაც ბუნებრივია, ავიაციაზეც სათანადოდ აისახა. მიუხედავად იმისა, რომ წელს კრიზისის ფონზე გარკვეული შენელება გვქონდა, ივნისიც რეკორდული იყო ამ თვალსაზრისით. შესაბამისად, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ წლევანდელ წელსაც“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს, კომპანია TAV Airports-ს, ფრანგულ საავიაციო ჯგუფ Groupe ADP-ს და საქართველოს საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს.
მისივე განცხადებით, პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ეკონომიკისა და განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს, რომლის ძალისხმევითაც, მისი თქმით, აეროპორტის გაფართოების პროექტი სახელმწიფო ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით ხორციელდება.