„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეეძლება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სანიკიძის თქმით, პარტიაში ამჟამად დროებითი ორგანოს შემადგენლობაზე მიმდინარეობს მსჯელობა, ხოლო ყრილობა თვის ბოლოს გაიმართება.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს მსჯელობა დროებითი ორგანოს შემადგენლობასთან დაკავშირებით. ყრილობა ამ თვის ბოლოს ჩატარდება, რომლის მთავარი ამოცანაც იქნება პარტიის გარდამავალ პერიოდში გადაყვანა. ასევე, შესაბამისი დროებითი ორგანოს არჩევა, რომელიც იქნება კოლექტიური და შეასრულებს იმ ძირითად უფლებამოსილებებს, რასაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა აქამდე ასრულებდა“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

მისი თქმით, ამის შემდეგ პარტია თავმჯდომარის არჩევნებისთვის მოემზადება.

„ჩატარდება თავმჯდომარის არჩევნები, სადაც ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეეძლება მონაწილეობის მიღება“, – აღნიშნა სანიკიძემ.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე კანდიდატები გამოკვეთილი არ არიან, თუმცა ყრილობის ჩატარების შემდეგ ან მანამდეც, პარტიის წევრებსა და პოლიტიკურ ფიგურებს საკუთარი სურვილის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნებათ.

რაც შეეხება თინა ბოკუჩავას შესაძლო კანდიდატურას, სანიკიძის თქმით, მას ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება საჯაროდ ჯერ არ გამოუცხადებია.

„მოვისმინეთ მისი განცხადებები. ის ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს და, ბუნებრივია, თავისუფალი კონკურენციის პირობებში ძალიან საინტერესო არჩევნები შეიძლება ვიხილოთ“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.