ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ აქვს და მისი მხარდაჭერა არ სურს.
ამის შესახებ კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში იმსჯელეს, როგორ იმოქმედონ ისე, რომ ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს.
„შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც გასულ წელს შევიმუშავეთ, უკვე არსებობს. ახლა მისი განხორციელების ეტაპზე ვართ. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, შავი ზღვის გარშემო მდებარე სხვადასხვა ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ამჟამად სირთულეები გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს — გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს. ასევე გვქონდა მსჯელობა იმაზე, როგორ შეგვიძლია ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რათა ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს“, – განაცხადა კაია კალასმა.