საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა თანამშრომლობის ხარისხი თავად ასამბლეის შემდგომ საქმიანობაზე იქნება დამოკიდებული.
ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განაგრძობს თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქმიანობას, დარჩება კვლავ ჯო უილსონის დონეზე თუ ამაღლდება ჯო უილსონის დონეზე ზემოთ. ეს იქნება პრინციპული მნიშვნელობის საკითხი საქართველოს დელეგაციისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობისთვის. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემდგომ საქმიანობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
შესაბამისი განცხადება კენჭისყრამდე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.
მის განცხადებას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონსი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სხდომაზე ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტების ერთობლივი ძალისხმევით მოგვარებას გულისხმობს.
ქართული დელეგაციის მიერ სხდომის დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.
რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“ მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.