საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თელავში სტიქიის შედეგების სწრაფი ლიკვიდაცია უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო.
ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამაშველო სამსახური.
„კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურ ვადებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან და, რა თქმა უნდა, სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კობახიძის თქმით, თელავში რამდენიმე კომერციულ ობიექტზე მშენებლობის ნებართვები არასწორად იყო გაცემული, რამაც, მისი შეფასებით, სტიქიის შედეგები გაამძაფრა.
„რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ნამდვილად არასწორად იყო გაცემული, მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანარჩენს შესაბამისი უწყებები დაადგენენ. რამდენიმე კომერციულ ობიექტზე გაცემულმა არასწორმა ნებართვებმა ეს პრობლემა გაამძაფრა“, – აღნიშნა მან.
პრემიერის განცხადებით, მომავალში მსგავსი მოვლენებისგან მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული როგორც თელავი, ისე სხვა ქალაქები.
კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს ყველა რეგიონში.
„არა მარტო იგეგმება, აქტიურად გრძელდება ეს პროცესი აბსოლუტურად ყველა რეგიონში. ეს არის პროცესი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად წარიმართა და ამის შესახებ სტატისტიკასაც მუდმივად ვუზიარებთ საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.