საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი რიტორიკა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს აზიანებს.

პაპუაშვილის განცხადებით, „სადაც არის თავდასხმა, იქ აუცილებლად იქნება პასუხიც“.

„ცუდია, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არაპროვოცირებულად, მოწმენდილ ცაზე კვლავ ესხმის თავს საქართველოს ხელისუფლებას. ასეთი რიტორიკა არა მხოლოდ არაფერს სძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, არამედ კიდევ უფრო აზიანებს ბრიუსელის მიმართ ისედაც შერყეულ ნდობას ქართული საზოგადოების თვალში“, – წერს პაპუაშვილი.

მისი თქმით, ევროკავშირის ზოგიერთი მაღალჩინოსანი კვლავ ვერ ელევა იმ პრაქტიკას, როდესაც სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან თანასწორი დიალოგის ნაცვლად „მენტორული ტონით საუბარს“ ამჯობინებს.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა კალასის ფრაზას, რომ ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ აქვს და სურს მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს.

„უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ფორმულა: „მხარს ვუჭერ ხალხს, მაგრამ არა მის ხელისუფლებას“. სინამდვილეში, ასეთი განცხადება გულისხმობს, რომ ქალბატონი კალასის აზრით, ქართველი ხალხი უუნაროა, თავად შეარჩიოს თავისი ხელისუფლება და ამიტომ გარედან მეურვეობა და კარნახი სჭირდება. ეს არა ქართველი ხალხის მხარდაჭერა, არამედ მისი პოლიტიკური არჩევანის უპატივცემულობაა“, – აცხადებს პაპუაშვილი.

მისი შეფასებით, მსგავსი დამოკიდებულება ევროკავშირს „მშვიდობის პროექტის იდეას აშორებს და მას კონფლიქტების წამქეზებლად აქცევს“.

პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა კაია კალასის პოლიტიკურ კავშირებზე და განაცხადა, რომ იგი წარმოადგენს იმავე პოლიტიკურ ოჯახს, რომლის წევრიც არის პარტია „ლელო“.

„ვიდრე ქალბატონი კალასი მკაფიოდ არ გაემიჯნება საკუთარი პოლიტიკური პარტნიორების მხრიდან ტერორიზმის გამართლებას, საქართველოსთან დაკავშირებული მისი ნებისმიერი მომავალი კომენტარი არასერიოზული იქნება“, – წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, კაია კალასმა ბრიუსელში განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს , გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“. მისი თქმით, ევროკავშირში მსჯელობენ, როგორ იმოქმედონ ისე, რომ ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს.