დაზარალებული ჟურნალისტი გურამ როგავა სასამართლოში, სადაც მის მიმართ ძალადობაში ბრალდებული გდდ-ის თანამშრომლის საქმის განხილვა მიმდინარეობდა, ცარიელი ფურცლებით მივიდა.
როგორც როგავამ განმარტა, მისი საქმის მასალები სწორედ ამ ფურცლებისგან შედგება. მისი განცხადებით, საქმეში მხოლოდ ბრალდებული სპეცრაზმელის აღიარებითი ჩვენებაა.
გურამ როგავას თქმით, ის სასამართლო სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს, რადგან მოსამართლემ განუმარტა, რომ პროცესი დახურული იყო.
„მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მითხრა, რომ სასამართლო პროცესი დახურულია და მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის სტატუსი მაქვს, სხდომაზე დასწრებას ვერ შევძლებდი. ეს ჩემთვის ძალიან უცნაურია. ჩემი ადვოკატი იურიდიულ ასპექტებს არკვევს, თუ რა არის ამის მიზეზი“, – განაცხადა როგავამ.
მისივე თქმით, საქმეში არსებული მასალები არ ადასტურებს, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები თავდამსხმელის ვინაობის დასადგენად.
„მოვედი, რათა საქმის მიმდინარეობას გავცნობოდი. დასამალი აქვთ ის, რომ ამ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. მე თქვენ მოგიტანეთ, რა არის ჩემი საქმის მასალები უზარმაზარი დასტაა, ეს მხოლოდ ნაწილია. შეგიძლიათ გაეცნოთ. ვისურვებდი, საქმეში არსებული ფურცლები კეთილშობილური მიზნებისთვის გამოიყენონ, რადგან, როგორც ხედავთ, ცარიელი ფურცლებია“, – განაცხადა ჟურნალისტმა.
როგავას განცხადებით, საქმეში არსებული აღიარებითი ჩვენება მისთვის საკმარისი არ არის.
„ჩემს საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი აღიარებს, რომ თავს დამესხა. ის უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში და ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიდა, როცა აღიარებითი ჩვენება მისცა. თუმცა, მე არ ვიცი, რა გარემოებებში და რა პირობებში მიიღო გამოძიებამ ეს ჩვენება — ეს იყო ზეწოლა, მოსყიდვა თუ სხვა მექანიზმები“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, როგორც დაზარალებულს და ჟურნალისტს, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქმეში რეალური მტკიცებულებები არსებობდეს.
„მე არ მჭირდება უაზრო მსხვერპლი და არ მჭირდება იმ ადამიანის დასჯა, რომელიც შესაძლოა, ჩემს საქმეში საერთოდ არ ფიგურირებდეს. დღევანდელი მდგომარეობით, ამ ცარიელი ფურცლებით მე, როგორც პირველ რიგში ჟურნალისტი, ვერ ვრწმუნდები, რომ საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ჩემზე თავდამსხმელის ვინაობას“, – განაცხადა როგავამ.
ცნობისთვის, ზვიად მაისაშვილისა და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გდდ-ის სამი თანამშრომელია დაკავებული. მათ ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება ედებათ, ხოლო ერთ-ერთ მათგანს დამატებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლა.
პროკურატურის ინფორმაციით, 2024 წლის აქციების ფარგლებში მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულია ხუთი პირი , მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს. როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით 154-ე მუხლის მე-2 ნაწილითაც ედავებიან, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
წარდგენილი ბრალდებები 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლევან ხაბეიშვილის ეპიზოდი ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.