გდდ-ის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად დაზარალებული ზვიად მაისაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს არ სურს 2024-2025 წლებში მიმდინარე აქციებზე მომხდარი ძალადობის ფაქტების სრულყოფილი გამოძიება.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან გამოძიების პროცესში არსებული მიდგომა „ფარსი და ტყუილია“.
„წელიწად-ნახევარია გასული და მთელი ეს დრო გვეუბნებოდნენ, რომ შეუძლებელი იყო მათი იდენტიფიცირება და უცებ აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია. კონკრეტულად ჩემს საქმეშიც ბევრად მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ვიდრე ორი ადამიანი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისტემა საერთოდ არ ცდილობს გამოიძიოს ის, რაც ხდება“, – განაცხადა მაისაშვილმა.
მისივე თქმით, მას არ აქვს დარწმუნება, რომ დაკავებული პირები ნამდვილად არიან ისინი, ვინც მასზე ძალადობაში მონაწილეობდნენ.
„მე იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანები მართლა ისინი არიან, ვინც ჩემს ცემაში იღებდნენ მონაწილეობას, რადგან ხელისუფლება საერთოდ არ ცდილობს იმ ადამიანებს გაემიჯნოს, რომლებმაც ძალადობა განახორციელეს“, – აღნიშნა მან.
მაისაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ აღიარებული დაზარალებულებისა და დაკავებული პირების რაოდენობას შორის სხვაობა აჩენს კითხვებს.
„თვითონ სახელმწიფოს ოფიციალურად ჰყავს აღიარებული 170 დაზარალებული, თუმცა, 5 ადამიანია დაკავებული, რაც სრული აბსურდია და სასაცილო მდგომარეობაა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო არ ცდილობს გამოიძიოს ის დანაშაული, რაც მოხდა“, – განაცხადა ზვიად მაისაშვილმა.
ცნობისთვის, ზვიად მაისაშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გდდ-ის სამი თანამშრომელია დაკავებული. მათ ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება ედებათ, ხოლო ერთ-ერთ მათგანს დამატებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლასაც ედავებიან.
პროკურატურის ინფორმაციით, 2024 წლის აქციების ფარგლებში ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულია ხუთი პირი , მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს. როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით 154-ე მუხლის მე-2 ნაწილითაც ედავებიან, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
წარდგენილი ბრალდებები 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლევან ხაბეიშვილის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.