დონალდ ტრამპის თქმით, ირანთან მიმდინარე სამხედრო მოქმედებები „ძალიან სწრაფად“ ვითარდება.
„მათზე თავდასხმას ვახორციელებთ და ვანადგურებთ ყველაფერს, რაც ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ მათ შესაძლებლობებს ეხება. ვფიქრობ, საბოლოოდ მთელი სრუტე ჩვენი კონტროლის ქვეშ მოექცევა“, – განაცხადა ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
კითხვაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი, ტრამპმა უპასუხა, რომ, მისი შეფასებით, მოვლენები სწრაფად ვითარდება.
„ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ჩვენ მათი სამხედრო ძალები გავანადგურეთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი შეფასებით, ირანის წინააღმდეგ განახლებული საჰაერო იერიშების კამპანია „სამხედრო შეტაკებაა“ და არა კონფლიქტის ახალი, ხანგრძლივი ეტაპის დასაწყისი. თუმცა, ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რამდენ ხანს გაგრძელდება სამხედრო ოპერაცია.
„უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ახლა ვაკეთებთ. მათი შესაძლებლობები ძალიან მნიშვნელოვნად შევამცირეთ, თუმცა ისინი კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში იბრძოლებენ“, – აღნიშნა მან.
ტრამპის განცხადებით, საბოლოოდ ირანთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება, თუმცა ახლო მომავალში მისი გაფორმების მოლოდინი არ აქვს.
„შეთანხმებისთვის საჭიროა ისეთი ადამიანები, რომლებსაც მისი მიღწევა სურთ. ორი დღის წინ მათთან შეთანხმება გვქონდა, მაგრამ შემდეგ თქვეს: „არა, ამ შეთანხმებას ვერ დავდებთ. მოლაპარაკებები კიდევ უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.