რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 400 კილომეტრში მდებარე „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმები ისმოდა რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ გელენჯიკშიც. ცნობების თანახმად, აფეთქებების შემდეგ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

ამ ეტაპზე რუსეთის ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებიათ.