ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 28 პირია დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მასშტაბური ღონისძიებები საქართველოს 9 რეგიონში ჩაატარეს და გამოვლენილ დანაშაულებზე გამოძიება 14 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს.

ემზარ გაგნიძის განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია 3 პირი, ხოლო 11 პირს ბრალდება წარედგინა.

მისივე თქმით, საქმე ეხება წალკის, ახალციხისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში გზების, სასმელი წყლის შიდა ქსელებისა და საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დოკუმენტაციის გაყალბებისა და უკანონო ქმედებების შედეგად ათიათასობით ლარის მითვისების ფაქტებს.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული ქმედებებით სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზიანმა 669 497 ლარი შეადგინა.

სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სამ სისხლის სამართლის საქმეზე 7 პირს ბრალდება წარედგინა.

როგორც ემზარ გაგნიძემ აღნიშნა, საქმე ეხება დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტებში, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების მიერ ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი, ჯამში, 91 564 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის დაუფლების ფაქტებს. აღნიშნული ქმედებებით სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა 397 804 ლარი შეადგინა.

ქრთამის აღების ფაქტებზე, სუს-ის ცნობით, სამ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია 3 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა სხვადასხვა პირებისგან ქრთამი აიღეს.

გარდა ამისა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების, ასევე ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე დაკავებულია 4 პირი. სუს-ის ინფორმაციით, მათ შორის იყო ყალბი მართვის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყალბი დიპლომის დამზადებისა და გასაღების შემთხვევები.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის თაღლითობის, კომერციული მოსყიდვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ქრთამის აღებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე.

ანტიკორუფციული სააგენტო აცხადებს, რომ კორუფციული დანაშაულების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით მუშაობას აგრძელებს.