კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, თელავში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებზე გაწმენდითი სამუშაოები კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს.

მისი თქმით, დაგეგმილია თელავის ხევის სრულად გაწმენდა, რის შემდეგაც დაიწყება მისი პროექტირება და რეაბილიტაცია.

„გაწმენდითი სამუშაოები დაგეგმილია მთლიანად თელავის ხევის 13-კილომეტრიან მონაკვეთზე. შემდეგ, რა თქმა უნდა, დაგეგმილია ამ ხევის პროექტირება და რეაბილიტაცია, სათავე ნაგებობიდან ალაზნის შესართავამდე“, – განაცხადა კალმახელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ქალაქში ყველა კომუნალური სერვისი აღდგენილია, თუმცა პრობლემად რჩება რამდენიმე სოფლის წყალმომარაგება, რადგან სტიქიის შედეგად დაზიანდა სათავე ნაგებობები.

„კისისხევში, შალაურის ხევსა და კურდღელაურის ხევში მძიმე ტექნიკა იქნება მობილიზებული და დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. აღნიშნულ სოფლებს წყალი არ მიეწოდებათ, რადგან დაზიანებულია სათავე ნაგებობები. მანამდე მოსახლეობას მობილური ავზებით მოვამარაგებთ“, – აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა.

მისივე თქმით, სოფელ ვარდისუბანს თელავის წყალმომარაგების სისტემით წყალი ხვალიდან მიეწოდება.

სტიქიის ზონაში გაწმენდით სამუშაოებში ჩართული არიან როგორც სპეციალური სამსახურები, ისე ადგილობრივი მოსახლეობის მოხალისეთა ჯგუფები. ამ დროისთვის სრულად არის აღდგენილი გაზმომარაგება, თუმცა გარკვეულ ტერიტორიებზე კვლავ რჩება ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა.