„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ „მტრული დამოკიდებულება“ მიუღებელია.

კალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში გარკვეული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს მიმართ მხოლოდ „შანტაჟსა და მუქარას“ ხედავენ.

„გრძელდება მტრული დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ვინც არ უნდა იყოს, კალასი იქნება თუ სხვა, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი უნდა სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქართულ სახელმწიფოებრიობას“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ევროკავშირის გარკვეული პოლიტიკოსების განცხადებები „ტყუილსა და ცილისწამებაზეა დაფუძნებული“.

კითხვაზე, არის თუ არა კაია კალასის განცხადება, რომ ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა არ სურს, ქართველი ხალხის ნების არაღიარება, კალაძემ უპასუხა, რომ „ევროპული ბიუროკრატია მძიმე კრიზისშია“.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ხელისუფლებას ქართველი ხალხი ირჩევს. დღეს „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს წარმოადგენს, რადგან საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა“, – განაცხადა მან.

კალაძემ ასევე ისაუბრა აშშ-სთან ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ვაშინგტონთან ურთიერთობები „ახალი ფურცლიდან“ დაიწყოს.

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული დამოკიდებულება „არასამართლიანი“ იყო, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ ვითარების შეცვლას შეძლებს.

„ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის და მეგობრობისთვის, მაგრამ პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.