„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი, რომელიც ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მოწმის სტატუსით იკითხება, აცხადებს, რომ საქართველოში წლებია მოქმედებს ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც, მისი თქმით, ქვეყნის გარედან ფინანსდება და დავალებებს იღებს.
მისი განცხადებით, აღნიშნული საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული და მას სამართლებრივი შეფასება სჭირდება.
„საქართველოში წლებია მოქმედებს ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც ფინანსდება და დავალებებს იღებს ქვეყნის გარედან. ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო საქმიანობა, რამაც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ დააყენა სერიოზული რისკის ქვეშ. შესაბამისად, ამას სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასება“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
კითხვაზე, მივიდა თუ არა სასამართლოში კონკრეტული მტკიცებულებებით, შაქარიშვილმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და მტკიცებულებების მოპოვება პროკურატურის კომპეტენციაა, თუმცა მისმა ორგანიზაციამ უწყებას ვრცელი მასალები წარუდგინა.
მისი თქმით, წარმოდგენილი მასალა ეფუძნებოდა ბრალდებული პირების საჯარო განცხადებებსა და საქმიანობას.
„ჩვენ წარვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა, სადაც მათი საქმიანობის 25-წლიანი პერიოდი იყო განხილული. მათი განცხადებები, ნაბიჯები და ქმედებები იყო დაკავშირებული ერთმანეთთან და წარმოდგენილი იყო ლოგიკური ჯაჭვი“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
მისივე თქმით, ისინი მიიჩნევენ, რომ სხვადასხვა ჯგუფების საქმიანობა კოორდინირებული იყო და მასში მონაწილეობდნენ პოლიტიკური პარტიები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
„ჩვენი შეფასებით, ეს საქმიანობა არ ემსახურებოდა ქართველი ხალხის ინტერესებს და ხორციელდებოდა უცხო ძალების ინტერესების შესაბამისად. სამართლებრივი მტკიცებულებების მოპოვება კი პროკურატურის პრეროგატივაა“, – აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ ან კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდებას.
ბრალდებული პოლიტიკოსები წარდგენილ ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.